თეგი: თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან. როგორც პარლამენტის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, ხოლო საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. „დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას. გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის მიერაც. სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა. ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს. "როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ მოცემულობა - ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.  

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს

თეონა აქუბარდია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს"ტოვებს, ამის შესახებ თავად აქუბარდიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა. მისივე თქმით, ის რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი არიან. აქუბარდია პარტიიდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს სტრატეგია აღმაშენებელის დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც, მისივე თქმით, არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის. „პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, - წერს თეონა აქუბარდია.

თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“

პარლამენტში, სადაც პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრს მადლობა გადაუხა იმისთვის, რომ მისი თქმით, „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“. თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ პროცედურის ფარგლებში მის კითხვებზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა. „ბატონო მინისტრო, მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია. ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას, ისევე როგორც იმ პასუხებისთვის, რომლებიც ამომწურავადაა მოცემული - დაგვიანებით, თუმცა მიღებულია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. „თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს“, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო მინსკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა, როცა იქ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბჟანია ჩავიდა. ასევე კარგი იქნებოდა, მინისტრს ტატუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირზე საჯარო რეაქცია ჰქონოდა. „ამით არაფერი მოხდებოდა, ომს ნამდვილად არ დაიწყებდა რუსეთი ამის გამო, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.